English / ქართული /








Journal number 3 ∘ Giga Kikoria
Analysis of the Factors of the Global Financial and Economic Crisis of the World

The human is the starting point for the economy. Directly or indirectly, he/she is related to the current events in the economy. Consequently, he/she has some influence on the economic process. For example, in the global financial and economic crisis, the human factor is reflected as the decision-making person, even though the causes of the crisis depend on a lot of exogenous and endogenous factors. Consequently, there are various types of crises that economists have a lot of ideas about. However, there is no single formula for the overcoming of the crisis. Thus, the problem has deep roots and the issue is still relevant. That is why it is necessary to re-discover the causes of the crisis, consider the role of a human in its shaping and to develop recommendations.

The paper deals with the nature of recent global financial crises, their causes, the outcomes and the author's opinions, based on scientific literature and various analytical articles.

Keywords: Human, Banking Crisis, Economic Crisis,  Financial Crisis, Global Financial Crisis, Great Depression.

JEL Codes: G01, G28, G41

ადამიანი გვევლინება ეკონომიკის ამოსავალ წერტილად. პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ მას უკავშირდება ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები. შესაბამისად, იგი გარკვეულ გავლენას ახდენს ამა თუ იმ ეკონომიკურ პროცესზე. მაგალითად, გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისებზე, ადამიანისეული ფაქტორი ფიგურირებს გადაწყვეტილების მიმღები პირის სახით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის გამომწვევი მიზეზები, ზოგადად, უამრავ ეგზოგენურსა და ენდოგენურ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის კრიზისები, რომელთა წარმოშობისა და განვითარების შესახებაც ეკონომისტებს უამრავი მოსაზრება აქვთ. თუმცა ფაქტია, რომ დღემდე არ არსებობს კრიზისის დაძლევის ერთიანი ფორმულა. ამრიგად, პრობლემას უფრო ღრმა ფესვები გააჩნია და საკითხი კვლავ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, საჭიროა გავაცნობიეროთ კრიზისის გამომწვევი მიზეზები, განვიხილოთ ადამიანის როლი მის ფორმირებაში და შევიმუშაოთ რეკომენდაციები.

წინამდებარე სტატიაში, სამეცნიერო ლიტერატურასა და სხვადასხვა ანალიტიკურ სტატიებზე დაყრდნობით, განხილულია ბოლოდროინდელი გლობალური ფინანსური კრიზისების ბუნება, მათი გამომწვევი მიზეზები,  შედეგები და წარმოდგენილია ავტორისეული მოსაზრებები.

საკვანძო სიტყვები: ადამიანი; საბანკო კრიზისი; ეკონომიკური კრიზისი; ფინანსური კრიზისი;  დიდი დეპრესია;  რეცესია.

ფინანსური-ეკონომიკური  კრიზისების  ბუნება  და გამომწვევი მიზეზები. ფინანსური კრიზისი, როგორც წესი, ასოცირდება სხვადასხვა ფენომენთან, როგორიცაა, მაგალითად, კრედიტის მოცულობისა და აქტივების ფასების ვარდნა, ფინანსური შუამავლების ჩამოშლა, საბალანსო ანგარიშების პრობლემები და სხვა. შესაბამისად, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც მრავალგანზომილებიანი მოვლენა, რომლის ერთ ინდიკატორში მოქცევა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლიტერატურა, რომელიც განიხილავს კრიზისის გამომწვევ ფაქტორებს, მისი ღრმა ანალიზი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად დავახასიათოთ მისი ბუნება [3].

ბევრი თეორია განვითარდა წლების განმავლობაში, რომელიც ხაზს უსვამდა კრიზისების გამომწვევ მიზეზებს. მაშინ როცა ფუნდამენტური ფაქტორები – მაკროეკონომიკური დისბალანსი, შიგა და გარე შოკები, როგორც წესი, არის ხშირი დაკვირვების ობიექტი, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება იმის შესახებ, თუ რა იყო კრიზისის გამომწვევი რეალური მიზეზები და როგორია  ადამიანის როლი  მის ჩამოყალიბებაში.

ფინანსური კრიზისი ზოგჯერ ჩნდება ირაციონალური ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ფინანსურ ბაზრებზე წარმოიშობა [3]. ადამიანები, როგორც ამას ტრადიციული ეკონომიკსი გვეუბნება, რაცინალურად მოქმედებენ [14], თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ფსიქოლოგიის თანახმად, ადამიანი ასევე არის ირაციონალური არსებაც. ადამიანებს სურთ მოკლევადიან პერიოდში მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. საგულისხმოა, რომ ბრიტანელი ეკონომისტის, ჯონ მეინარდ კეინზის ტერმინი “ცხოველური სული” გამოხატავს სწორედ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც უბიძგებს ინვესტორებს მოქმედებისკენ, როდესაც კაპიტალის ბაზარზე რყევებს აქვს ადგილი [3]. ვინაიდან ჰომო ეკონომიკუსის მიზანიც სწორედ ფირმაში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა [2],  ის მზადაა ამის გამო წავიდეს რისკზე.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ არაერთი გამოკვლევა არსებობს, ნაკლები ყურადღებაა გამახვილებული კრიზისების წარმოშობაში ადამიანის როლზე. სამეცნიერო ლიტერატურა უფრო ფინანსურ და ემპირიულ ფაქტორებზე კონცენტრირდება, ვიდრე ადამიანის ბუნების წარმოჩენაზე. ამრიგად, ქვემოთ მიმოვიხილავთ მსოფლიოში არსებულ მასშტაბურ კრიზისებს და გამოვკვეთავთ მათში ადამიანისეულ ფაქტორს.

ეკონომიკურ კრიზისებს, როგორც წესი, მოჰყვება საფონდო ბირჟის ჩამოშლა, ინფლაციისა და უმუშევრობის მაღალი დონე, ბანკების გაკოტრება და ა.შ. მათ გრძელვადიანი ეფექტები გააჩნიათ, რაც სხვადასხვანაირად აისახება ეკონომიკაზე და ყოველთვის ერთნაირი შედეგი არ მოაქვს [5]. თანამედროვე ეკონომისტები კრიზისის აღწერისთვის ხშირად გამოიყენებენ ასო W-ს, რომლის ფორმაც აღნიშნავს ჯერ ვარდნას, შემდეგ აღმავლობას და ა.შ. [2]. ამის ნათელი მაგალითია აშშ,  სადაც კრიზისი პერიოდულად მეორდება ხოლმე. მოსალოდნელი კრიზისების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მიმოვიხილოთ და გავაანალიზოთ უკვე არსებული ისტორიული მაგალითები ქრონოლოგიურად, გამოვკვეთოთ მასში ადამიანისა და სახელმწიფოს როლი, ხოლო შემდგომ შევიმუშაოთ რეკომენდაციები [1].

1929 წლის დიდი დეპრესია.  დიდი დეპრესია იყო მსოფლიო მასშტაბის მქონე ეკონომიკური დეპრესია, რომელიც გაგრძელდა 10 წლის მანძილზე. მისი დაწყების მიზეზად ითვლება ე.წ. “შავი ხუთშაბათი”, 1929 წლის 24 ოქტომბერი, როდესაც აშშ-ის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრეებმა გაყიდეს 12,9 მლნ აქცია ერთ დღეში, ანუ ჩვეულებრივზე 3-ჯერ მეტი. მომდევნო 4 დღის განმავლობაში აქციების ფასი დაეცა 23%-ით, რამაც გამოიწვია საფონდო ბირჟის კრახი, რაც აგვისტოში ეკონომიკის ჩამოშლით დაგვირგვინდა. დიდმა დეპრესიამ დააზარალა საზოგაოდების ყველა ფენა. 1933 წლისთვის უმუშევრობა გაიზარდა 25%-მდე,  დასაქმებულების ხელფასები დაეცა 42%-ით. აშშ-ის მშპ  განახევრდა (103 მლრდ დოლარიდან 55 მლრდ დოლარამდე). ეს ნაწილობრივ დეფლაციის გამო მოხდა. ფასები ყოველწლიურად 10%-ით იკლებდა. პანიკაში ჩავარდნილმა სახწელმწიფო ლიდერებმა გაატარეს სმუტ-ჰოლის [5] სატარიფო აქტი, რომელმაც 900 საიმპორტო ტარიფი საშუალოდ 40-დან 48%-მდე გაზარდა. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ამან გააუარესა დიდი დეპრესიის მდგომარეობა, ვინაიდან, ამერიკელებისათვის საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა. დანარჩენი ქვეყნები იძულებულნი გახდნენ ემოქმედათ საკუთარი ტარიფებით. შედეგად კი გლობალური ვაჭრობა 65%-ით დაეცა. არსებულმა სიტუაციამ თავისი როლი ითამაშა II მსოფლიო ომის დაწყებაშიც. სმუტ-ჰოლის მაგალითმა აჩვენა, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს პროტექციონიზმი მსოფლიო ეკონომიკისათვის. მას შემდეგ მსოფლიო ლიდერები მხარს უჭერენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს [7]. ამერიკელი მაკროეკონომისტი და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ბენ ბერნანკე, მიიჩნევს, რომ დეპრესიის შექმნას ცენტრალურმა ბანკმა შეუწყო ხელი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით.

ისმის კითხვა, შესაძლოა თუ არა, რომ კვლავ განმეორდეს დიდი დეპრესია. მართალია, ის იმავე მასშტაბით ვერ განმეორდება, ვინაიდან ცენტრალურმა ბანკებმა, ფედის ჩათვლით, წარსულის შეცდომებზე უკვე ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სამართავად. თუმცა, ამან შესაძლოა ვერ დააბალანსოს ფისკალური პოლიტიკა. აშშ-ს სახელმწიფო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მოცულობა მონეტარული პოლიტიკისათვის რთულად გადასაჭრელ ამოცანას წარმოადგენს, რაც კრიზისის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით წინასწარ, თუ რა შეიძლება მოხდეს, რადგან აშშ-ს სახელმწიფო ვალის მოცულობა უპრეცედენტოა. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

1970 წლის სტაგფლაცია. 1971 წელს, აშშ-ისპრეზიდენტმა ნიქსონმა ხელი შეუწყო ნავთობის ემბარგო, როდესაც გადაწყვიტა, რომ შეერთებული შტატები ოქროს სტანდარტიდან გამოსულიყო, რითაც დაარღვია ბრეტონ-ვუდსის  შეთანხმება. მისი გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამან დოლარის ღირებულება დაბლა დასწია, რამაც OPEC-ის წევრი ქვეყნები დააზარალა. მათი კონტრაქტების ღირებულება შეფასებული იყო დოლარში, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემოსავალი დაეცა დოლარის ღირებულებასთან ერთად. ნავთობზე დადებულ ემბარგოს დიდი წვლილი მიუძღვის 1973-1975 წლების რეცესიის განვითარებაში. ფაქტობრივად, 1973 წლის ოპეკის ემბარგო ითვლება კრიზისის დასაწყისად. სახელმწიფოს რეაქციამ ეს გადააქცია შეუქცევად კრიზისად, რასაც მოჰყვა ინფლაცია, რეცესია და სტაგფლაცია. ეს ყოველივე მოიცავდა ნიქსონის მიერ ხელფასი-ფასების კონტროლისა და ფედის მონეტარული პოლიტიკის მერყევ გადაწყვეტილებებს. ფასებმა მაღლა აიწია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიქსონმა დოლარი ოქროს სტანდარტისაგან გაათავისუფლა. ამან გამოიწვია ხელფასებისა და ფასების გაყინვა. ბიზნესი იძულებული გახდა დაეთხოვა ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ვერ ამცირებდნენ ხელფასებს, ან ვერ ზრდიდნენ ფასებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, პოლ ვოლკერმა, კრიზისის დასაძლევად კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა გაატარა, რაც გულისხმობდა საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ინფლაციის დასაძლევად. ეს იყო ერთგვარი საპასუხო რეაქცია ოპეკისა და ნიქსონის განცხადებებზე [11].

ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა, განმეორდება თუ არა ისევ სტაგფლაცია. 2011 წელს ადამიანების წინაშე დადგა სწორედ ეს საკითხი. ისინი წუხდნენ, იმაზე, რომ ფედის ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც ეკონომიკა 2008 წლის ფინანსური კრიზისისგან უნდა გადაერჩინა, შესაძლოა გამოეწვია ინფლაცია. ამასთანავე, კონგრესმა დაამტკიცა ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტებსა და დეფიციტური ხარჯების რეკორდულ დონეებს. ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 1-2%-ის ფარგლებში იყო.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მოვლენები, რომლებმაც წარმოშვა სტაგფლაცია 1970-იან წლებში ისევ განმეორდეს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე აღარ ახორციელებს ე.წ. stop-go [8] მონეტარულ პოლიტიკას, ნაცვლად ამისა, იგი თანმიმდევრული მმართველობის ფორმას იყენებს. ასევე, დოლარის გათავისუფლება ოქროს სტანდარტისაგან იყო ერთჯერადი მოვლენა, რომელსაც მომავალში ადგილი არ ექნება. შესაბამისად, ეს ფაქტორიც გამოირიცხება სტაგფლაციის ხელშემწყობი მიზეზებიდან. და ბოლოს, ხელფასი-ფასის კონტროლები, რომელიც წარმოადგენდა მიწოდების შემაკავებელ ინსტრუმენტს, დღესდღეობით არც კი განიხილება დღის წესრიგში. თუმცა,ადამიანების მიერ მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილებები გარკვეულ გავლენას ახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
1981-82 წლების რეცესია.1981 წლის რეცესია უკავშირდება აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, კონსერვატორ რონალდ რეიგანის სახელს (კონსერვატივიზმი – მოძრაობა, რომელიც იცავს სახელმწიფოსა და საზოგადოების წესრიგს, ქადაგებს რადიკალური რეფორმების მიუღებლობას და ექსტრემიზმს. საგარეო პოლიტიკაში ქადაგებს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება), რომლის ერთ-ერთ პირველ ამოცანას სწორედ რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. მისი დაპირება “რეიგანის რევოლუციის” სახელით იყო ცნობილი, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფო ხარჯების, გადასახადებისა და ბიზნესზე რეგულაციების შემცირებას. მისი ფილოსოფია იყო შემდეგნაირი, რომ სახელწიფო კი არ წარმოადგენდა პრობლემის მოგვარების წყაროს, არამედ იგი იყო თავად პრობლემა. მას სჯეროდა, რომ თავისუფალ ბაზარსა და კაპიტალიზმს შეეძლო მოეგვარებინა არსებული სიტუაცია [8]. რეიგანის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც რეიგანომიკის სახელითაა ცნობილი, დაფუძნებული იყო მიწოდების ეკონომიკის თეორიაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადების შემცირება და პროდუქციის წარმოება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ძლიერი ეკონომიკის პირობებში კი ხდება იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც შემცირებულ გადასახადებს მოსდევს. თუმცა, ლაფერის მრუდის თანახმად (ამერიკელი ეკონომისტის, არტურ ლაფერის (1979) თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ დაბალი საგადასახადო განაკვეთები იწვევს ეკონომიკურ ზრდას), ეს თეორია მუშაობს მაშინ, როდესაც თავდაპირველი საგადასახადო განაკვეთები არის საკმაოდ მაღალი. ეს უკანასკნელი ხვდება მრუდის ე.წ. “ამკრძალავ დიაპაზონში”. რეიგანის მიერ გადასახადების შემცირებამ თავდაპირველად გაამართლა, რადგან საგადასახადო განაკვეთები იყო ძალიან მაღალი. ხოლო 1986 და 1987 წლებში, ეს გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა ეფექტიანი, რადგან განაკვეთები უკვე ზომიერ ფარგლებში იყო. სახელმწიფო ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით, გადაინაცვლა შიგასახელმწიფოებრივ ხარჯებში სხვადასხვა პროგრამების ხელშეწყობის მიზნით. რეიგანის 8 წლიანი მმართველობის შედეგად კი სახელმწიფო ვალი თითქმის გასამმაგდა 997 მლრდ აშშ დოლარიდან 2,857 ტრლნ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, პრეზიდენტის მიერ საბანკო სისტემის დერეგულირებამ და ბიუჯეტის შემცირებამ ხელი შეუწყო 1989 წლის დანაზოგებისა და სესხის კრიზისს.

თანამედროვე კონსერვატორები რეიგანომიკას განსაზღვრავენ შემდეგი ლოზუნგით: “კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი!” პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩაის პარტიის მიმდევრები და დანარჩენი რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ამ იდეას და მის მისაღწევ საშუალებად ეკონომიკაში არსებული მოთხოვნების გადაჭრას მიიჩნევენ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეიგანომიკის თეორიის მიხედვით, ის რაც 80-იან წლებში ამართლებდა, დღეს ეკონომიკურ ზრდას ვერ გამოიწვევს. გადასახადის შემცირების ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფია ეკონომიკური ზრდა კონკრეტულ პერიოდში, ასევე გადასახადის ტიპზე და სიდიდეზე. ლაფერის მრუდი გვიჩვენებს, რომ გადასახადების შემცირება სახელმწიფო შემოსავლებს მხოლოდ კონკრეტულ წერტილამდე ზრდის. თუ გადასახადები ისედაც დაბალია, მათი შემცირება უკვე შემოსავალსაც ამცირებს. შესაბამისად, შემცირებამ შედეგი გამოიღო მხოლოდ პრეზიდენტ რეიგანის მმართველობის პერიოდში, ვინაიდან ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი იმ დროს იყო 70%. შემცირება უფრო ნაკლებეფექტურია, როდესაც განაკვეთი 50%-ზე დაბალია.

ამრიგად, რეიგანეკონომიკა დღეს ვერ იმუშავებს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ 1981-82 წლების რეცესია იმ ფორმით, რა ფორმითაც გამოვლინდა, კვლავ განმეორდეს. ამ ისტორიულმა მაგალითმაც გვაჩვენა, თუ რამხელა როლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კრიზისის ფორმირებაში.

1989 წლის კრიზისი. დიდი დეპრესიის შემდეგ, დანაზოგებისა და სესხის კრიზისი იყო ყველაზე მძიმე საბანკო კოლაფსი, რომელიც უკავშირდება ლინკოლნის დანაზოგებისა და სესხის ასოციაციის თავმჯდომარეს, ჩარლზ კიტინგს და “კიტინგის ხუთეულის” სახელით არის ცნობილი. სენატის ეთიკის კომიტეტმა თაღლითობაში გამოავლინა სენატორები, რომელთაც კიტინგმა ჯამურად 1,5 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო საარჩევნო კამპანიისთვის, სხვადასხვა შემოწირულობის სახით [9]. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პოლიტიკური რენტის ძიების გზასთან, განსაკუთრებით კი ლობიზმთან [2]. კრიზისის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორად ითვლება დანაზოგებისა და საკრედიტო ასოციაციების დერეგულირება 80-იან წლებში, რომელმაც საშუალება მისცა მათ წარმომადგენლებს, რომ დეპოზიტორების ფულით ესარგებლათ და მაღალრისკიანი ინვესტიციები განეხორციელებინათ. შესაბამისად, ჩარლზ კიტინგმაც გამოიყენა ეს უპირატესობა. [10] მან თავის ხუთეულთან ერთად, რომელთაც 1986-87 წლებში 1,3 მლნ აშშ დოლარი გამოუყო სხვადასხვა დახმარების სახით, კაპიტალის მოცულობა გაზარდა, რისთვისაც გამოიყენა სახელმწიფოს მიერ დაზღვეული დეპოზიტები, რომლებიც დააბანდა სარისკო ინვესტიციების სახით უძრავ ქონებაში. ხუთივე სენატორი, საარჩევნო კამპანიის კონტრიბუციების სანაცვლოდ, დათანხმდა იმაზე, რომ საბანკო რეგულაციები გაუქმებულიყო და არ გამოეძიებინათ კრიმინალური საქმიანობები, რომლებიც ე.წ. უიმედო სესხებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, საზოგადოებას არავინ აფრთხილებდა მოსალოდნელი დანაკარგის თაობაზე, რადგან ბანკის ბიზნეს გარიგებები გასაიდუმლოებული იყო [9]. 1934 წელს შექმნილმა სახელმწიფო დანაზოგებისა და სესხების სადაზღვეო კორპორაციის ფონდმა, სტაგფლაციისა და მაღალი ინფლაციის, ასევე რეცესიის შედეგად, 1987 წელს თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა.

კრიზისმა ქვეყანას მიაყენა 160 მლრდ აშშ დოლარის ზარალი, საიდანაც 132 მლრდ გადასახადის გადამხდელებმა, ხოლო დანარჩენი კი დანაზოგებისა და სესხების ინდუსტრიამ გაიღო. სახელმწიფო დანაზოგებისა და სესხების სადაზღვეო კორპორაციამ, გაკოტრებამდე 20 მლრდ აშშ დოლარი გადაუხადა დეპოზიტორებს [9]. აღნიშნული კრიზისის განმეორებადობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, მსგავსი სიტუაციის შექმნაში დიდ როლს თამაშობს ადამიანების მიერ მიღებული არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებები, რომელიც საბოლოო ანგარიშით კრიზისით მთავრდება.

2001 წლის კრიზისი. 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა ნიუ-იორკში, რომლის მიზანიც იყო აშშ-ის ეკონომიკის ჩამოშლა სამი უდიდესი სახელმწიფო ინსტიტუტის -  უოლ-სტრიტის, პენტაგონისა და თეთრი სახლის - განადგურებით, დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რომლის გავლენაც დღემდე იგრძნობა. უოლ-სტრიტზე თავდასხმის გამო, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა რამოდენიმე დღით დაიხურა, დოუ-ჯონსის ინდექსი დაეცა 600-ზე მეტი პუნქტით და შედეგად, 2001 წლის რეცესია, რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა, გაძლიერდა და 2003 წლამდე გასტანა [12]. პრეზიდენტმა ბუშმა ომი გამოუცხადა ტერორიზმს, რომელიც ავღანეთისა და ერაყის ომებს მოიცავდა. რეცესიის გაღრმავების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება ასევე გაურკვევლობა იმის შესახებ, ჩაერთვებოდა თუ არა აშშ ომში, რომელზე გაწეულმა მილიტარულმა დანახარჯებმა სახელმწიფო ვალი გაზარდა 1,3 ტრლნ აშშ დოლარით [5]. თუმცა ფაქტია, რომ აშშ 2001 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით დოლარს თავდაცვაზე. აღნიშნული კრიზისის გამომწვევი მიზეზებიდან ჩანს, რომ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად არაპროგნოზირებადია, რაც ამწვავებს არსებულ სიტუაციას.

2008 წლის ფინანსური კრიზისი. 2008 წლის კრიზისი ითვლება ფინანსურ კატასტროფად, დიდი დეპრესიის შემდეგ. მისი პირველი გამაფრთხილებელი ნიშნები 2003-2006 წლებში გამოჩნდა, როდესაც საცხოვრისის ფასებმა ვარდნა დაიწყო. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ბევრმა ანალიტიკოსმა ამ ფაქტის იგნორირება მოახდინა. უძრავი ქონების აგენტებმა აღნიშნული სიტუაცია გადახურებულ საბინაო ბაზარს მიაწერეს და ჩათვალეს, რომ იგი თავისით დასტაბილურდებოდა [5]. მათ ვერ გათვალეს ბაზარზე არსებული მესაკუთრეების დიდი რაოდენობა, რომელთა კრედიტების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ბანკებმა საშუალება მისცა ხალხს, გამოეტანა სესხი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ბინის 100%, ან უფრო მეტი ღირებულებით. ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ აეღო ე.წ. საბპრაიმ სესხები, შედეგად კი 2007 წლისთვის საბპრაიმ იპოთეკური სესხების კრიზისი წარმოიშვა.

თავდაპირველად ის იყო 1987 წლის კრიზისის მსგავსი, ვინაიდან ორივე თაღლითობის და არაეთიკური ქმედებების შედეგად წარმოიშვა,  და ორივე სიტუაცია დაკავშირებული იყო უიმედო სესხებთან. თუმცა, ეს კრიზისი გამწვავდა დაურეგულირებელი დერივატივების გამო. ბანკები იყენებდნენ იპოთეკურ სესხების ღირებულებას ახალი პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც გირავნობის საბუთით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები ერქვა. ისინი ყიდდნენ დერივატივებს ინვესტორებზე და ქმნიდნენ ახალ სასესხო მარაგებს. ბანკებმა გაყიდეს ძალიან ბევრი დერივატივი, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო იპოთეკის მუდმივი მიწოდება. გარდა ამისა, მათ შეამცირეს საკრედიტო სტანდარტები. თუმცა, როდესაც ბინების ფასებმა ვარდნა დაიწყო, დერივატივების ფასებიც დაეცა და უეცრად ყველას მოუნდა დერივატივების განაღდება. ამან, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედა ჰეჯირების, საპენსიო და სხვა ფონდებზე, რომლებიც ფლობდნენ აღნიშნულ აქტივებს მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ვალდებულებების შესრულება. დერივატივების არსებობამ საბპრაიმ კრიზისი გადააქცია ფართო მასშტაბის მქონე ფინანსურ კრიზისად. საბანკო პანიკის შედეგად, დაეცა ბანკთაშორისი შეთავაზების ლიბორ ინდექსი. სახელმწიფოს საბანკო სისტემის გადასარჩენად გაწეულმა დანახარჯებმა ტრილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა [5]. ამ შემთხვევაშიც არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად დაზარალდნენ ადამიანები.

 კრიზისის გავლენა საქართველოზე

გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველომ ვერ იგრძნო იმდენად, რამდენადაც იგი მცირე ქვეყანაა მცირე ეკონომიკით. როგორც წესი, გლობალური კრიზისის მგრძნობიარობა, ყოველ ცალკეულ ეკონომიკაზე, განისაზღვრება ამ უკანასკნელის ინტეგრაციის ხარისხით გლობალურ გარემოში. საქართველოს ეკონომიკა კი მსოფლიო სისტემაში მხოლოდ უარყოფითი სავაჭრო ბალანსითაა ჩართული. გარდა ამისა, ჩვენთან არც ფასიანი ქაღალდების ბაზარია განვითარებული. ზემოთ როგორც ვნახეთ, მიმდინარე გლობალურმა კრიზისმა სწორედ ფინანსური სფეროებიდან იფეთქა [4]. საქართველოში ინვესტიციები ძირითადად უძრავ ქონებაში ხორციელდებოდა და ეს ბაზარი მეტნაკლებად სწრაფად ვითარდებოდა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ერთ-ერთ ასეთ მაგალითს, რომელიც მცირეა გლობალურ კრიზისთან შედარებით, მაგრამ საჭიროებს ყურადღების მიქცევას, ვინაიდან უკავშირდება ადამიანების მიერ მიღებულ არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს.

ცენტრ პოინტის კრიზისი. ზემოთ ხსენებული “კიტინგის ხუთეულის” ერთგვარ პარალელს საქართველოში წარმოადგენს სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საქმე, რომელთა დამფუძნებლებს შეიძლება, პირობითად, “რჩეულიშვილის სამეული” ვუწოდოთ. 2000 წლის დასაწყისში, საქართველოში, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიები, რომელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, დაზიანებულ, ან პატარა სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სთავაზობდნენ ფული ჩაედოთ ახალი, ან თანამედროვე ბინების აშენებაში. ზოგიერთი სამშენებლო პროექტი მოიცავდა მასიური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებდა რამოდენიმე ათასი ადამიანის დასახლებას, ასევე მრავალი სავაჭრო ცენტრისა და გასართობი ობიექტის არსებობას [13].

იმ დროს მოქმედ სამშენებლო კომპანიებს შორის “ცენტრ პოინტი ჯგუფი” ლიდერობდა. ეფექტური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, იგი მრავალ კლიენტს იზიდავდა და სთავაზობდა შეეძინათ ბინები ჯერ კიდევ აუშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში. იმისთვის, რომ აღნიშნული ბინების ჩაბარებასთან დაკავშირებული პირადი პასუხისმგებლობა აერიდებინათ, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილთან ერთად, ერთობლიობაში 70 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ამხანაგობა დააფუძნეს, რომლებიც ხელშეკრულებას დებდნენ კლიენტებთან და ვალდებულებას იღებდნენ მათთვის ბინების ჩაბარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მართლაც დაიწყეს მშენებლობები, საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს სამშენებლო მასალების მზარდი ხარჯების დაფარვა. სიტუაციის გამოსასწორებლად, “ცენტრ პოინტ ჯგუფმა” უფრო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო, თუმცა სამშენებლო კომპანიები დროის მცირე პერიოდში ვეღარ ახერხებდნენ რამდენიმე პროექტის ერთდროულად განხორციელებას და მზარდი დეფიციტის შევსებას. შედეგად, 30 სამშენებლო პროექტი შეჩერდა და 6158 ოჯახი (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაპირებული ბინების გარეშე დარჩა კომპანიამ კი 310 მლნ აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა [13].

 დასკვნა

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ კრიზისის ბუნება, შევეხეთ მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისებს. ჩამოვაყალიბეთ მოსაზრებები, თუ რატომ ვერ აისახა კრიზისის გავლენა საქართველოზე. ხაზი გაესვა გლობალურ ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის ხარისხს, როგორც კრიზისის მგრძნობელობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს.

მეტ-ნაკლებად წარმოვაჩინეთ ადამიანის როლი კრიზისის ფორმირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისი დამოკიდებულია, როგორც მიკრო და მაკროეკონომიკურ, ასევე ადამიანისეულ ფაქტორებზე.

ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჰომო ეკონომიკუსს ახასიათებს მოგების მიღების მიზნით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

სახელმწიფოს სათავეში მყოფი ადამიანები, ხშირად უხეშად ერევიან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში. მათი ძალაუფლება არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებების რისკის მატარებელია. ისინი სხვადასხვა სტიმულის შეთავაზებით ახდენენ საზოგადოების ნდობის მოპოვებას და საკუთარი სტატუსის გამოყენებით ცდილობენ სხვის ხარჯზე მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, შედეგად კი ზარალდება საზოგადოება.

კრიზისისგან თავის დასაცავად, ადამიანებმა უფრო რაციონალურად უნდა იმოქმედონ. გადაიხადონ დავალიანებები, გაზარდონ დანაზოგები, მოიძიონ ფინანსური ანალიტიკოსები და მრჩევლები, დაგეგმონ ხარჯები და შეამცირონ რისკები. ეს ყოველივე უფრო დაიცავს მათ, რომ საკუთარ თავზე არ იგრძნონ კრიზისის უარყოფითი გავლენა. თუმცა, მოულოდნელი და არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებებისგან არავინაა დაზღვეული. შესამამისად, კრიზისები და მათი პროგნოზირება კვლავ გამოწვევად რჩება.

ლიტერატურა:

  1. კაციაშვილი ვ. მსოფლიოს ფინანსური კრიზისები: გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები, ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2018, XI, №1.
  2. პაპავა ვ. არატრადიციული ეკონომიკსი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2011.
  3. Stijn Claessens and M. Ayhan Kose, financial Crises: Explanations, Types, and Implications, International Monetary found, 2013.
  4. მურადაშვილი ლ. არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი, ანალიტიკური მედია გამოცემა European.ge, თბილისი, 2012.
  5. Kimberly Amadeo, U.S. Economic Crisis History and Warning Signs,2018www.thebalance.comhttps://www.thebalance.com/u-s-economic-crisis-3305668
  6. https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.php?m=115&blog_id=109
  7. Kimberly Amadeo, Smoot-Hawley Tariff Lessons today, 2017 www.thebalance.comhttps://www.thebalance.com/smoot-hawley-tariff-lessons-today-4136667
  8. Kimberly Amadeo, President Ronald Reagan's Economic Policies, 2018. www.thebalance.com
  9. Kimberly Amadeo, Savings and Loan Crisis Explained, 2018, www.thebalance.comhttps://www.thebalance.com/savings-and-loans-crisis-causes-cost-3306035
  10. The New York Times, The Lincoln Savings and Loan Investigation: Who Is Involved, 22/11/1989 https://www.nytimes.com
  11. Kimberly Amadeo, Stagflation and Its Causes, 2018, www.thebalance.comhttps://www.thebalance.com/what-is-stagflation-3305964
  12. Kimberly Amadeo,How the 9/11 Attacks Affect the Economy Today, 2018, www.thebalance.com
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ცენტრპოინტი ჯგუფი – ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში, თბილისი, 2012
  14. მენქიუ გრ. ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა “დიოგენე”, თბილისი, 2008.